05 ივნისი 2026,   03:14
ვრცლად
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრამდე, გენერალურ ასამბლეას სიტყვით გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ მიმართა და ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ელჩმა ხაზი გაუსვა დევნილთა საკუთრებისა და მშობლიურ სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება, რასაც მიმდინარე დოკუმენტის 67 თანაავტორი სახელმწიფოც ადასტურებს.

დიპლომატის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელია: ჰუმანიტარული რეაგირება იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც ეთნიკური წმენდის ტალღებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილებად იქცნენ. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ასევე მათი საკუთრების უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.

საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა.



 

 

დღის ამბები