ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პირობებში, ამერიკა რუსეთთან კომუნიკაციას გარდაუვალ მოცემულობად მიიჩნევს. კონგრესმენების წინაშე გამოსვლის დროს, შტატების პირველმა დიპლომატმა ღიად თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციამ მეგობრული სახეც კი მიიღოს. მარკო რუბიოს არც ის დაუმალავს, რომ უდიდესი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს შორის ჯანსაღი დიპლომატიური კომუნიკაცია არსებობს, რაც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე დადებით გავლენას მოახდენს.
"ქართული ოცნების" პრაგმატული საგარეო პოლიტიკა რომ მართებული იყო, რუბიოს განცხადება ამის კიდევ ერთი დასტურია - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ქვეყნების მხრიდან სუვერენული ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა, რომლის მაგალითიც, ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებამაც აჩვენა. საქართველოს მხრიდან რუსეთთან ვითარების ესკალაციისკენ მოწოდებები კი, ევრობიუროკრატების მხრიდან, კობახიძის აზრით, მხოლოდ გრძელვადიანი კოლაფსისკენ იყო მიმართული, რომელიც ხელისუფლებამ აირიდა.
მარკო რუბიოს განცხადების კრიტიკა, დღეს, ქართულ ოპოზიციაში არ ისურვეს. იმ ფონზე, როდესაც, ხელისუფლების ოპონენტები, ევროპელი და უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს, რუსეთთან მიმართებით, სრულად იზიარებდნენ, დღეს ამბობენ რომ ამერიკულ-რუსული ურთიერთობები დიპლომატიის ნაწილია.
ოპოზიციის მხრიდან პოზიციების მუდმივი ცვლილება არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტებს, რეალურად, დამოუკიდებელი პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლიათ. რუბიოს და ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება კი, რუსეთთან მიმართებით, მსოფლიო პოლიტიკის პრაგმატულობას ადასტურებს, რომელშიც პატარა ქვეყნებმა საკუთარი თავის გადარჩენასა და განვითარებაზე, ყველაა შესაძლო გზით უნდა იმოქმედონ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, თითქმის მეხუთე წელია, ევროპის დედაქალაქებს მოსკოვთან კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვთ. თუმცა, გამოცემა ბლუმბერგი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის მსგავსად, რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აქტიურად მუშაობენ.