04 ივნისი 2026,   22:15
ვრცლად
ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან - საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი ორმხრივია

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი ორმხრივია. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის თბილისში ვიზიტის შემდეგ, უკვე ვაშინგტონიდან ისმის, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზაობა არსებობს. ამაზე, თავად მარკო რუბიო საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ განცხადება სენატში გააკეთა. პირველმა დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯები საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ახსენა, როდესაც ჯო უილსონის მხრიდან, ჩვეული კრიტიკული ტონით დასმულ ვრცელ შეკითხვას მოკლე, კონკრეტული და დიპლომატიური პასუხი გასცა.

მთავარია სამართლიანობის პრინციპი - საქართველოს ხელისუფლების ეს გზავნილი ითქვა საჯაროდაც და დახურულ შეხვედრებზეც. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, უსამართლო მიდგომებით დაზიანებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი არსებობს - ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

ოპტიმიზმს ამყარებს მარკო რუბიოს მოადგილის გზავნილებიც, რომ ამერიკა დაინტერესებულია საქართველოთი და აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების გააქტიურება. კრისტოფერ ლანდაუ ამერიკაში საქართველოს ეროვნული დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა, რაც მისივე თქმით, უკვე ადასტურებს, რომ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გულწრფელია.

ვაშინგტონში, ქვეყნის პირველი პირებისგან ნათქვამმა დააბნია თბილისში ოპოზიცია, რომელიც ამ დრომდე, ამ განცხადებების მიუხედავად ამტკიცებს, რომ ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს.

ოპოზიციის რეაქცია არ უკვირს მმართველ პარტიას, სადაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს წარმატების ნებისმიერ პერსპექტივას მათი ოპონენტები საკუთარ წარუმატებლობად აღიქვამენ. "ქართული ოცნებისთვის" შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. 

გულწრფელი დიალოგის ახალი ეტაპის დაწყების მზაობა ტრამპის ადმინისტრაციიდან რომ არსებობს, ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ითქვა, როდესაც ამერიკის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. სწორედ ამ განცხადებაში აღინიშნა თანხვედრა ორი ქვეყნის მიდგომებს შორის, რაც სუვერენიტეტისადმი ერთგულებას, სამართლიან ეკონომიკურ გარემოს, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობას და ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს უკავშირდება.

დღის ამბები