27 ნოემბერი 2026,   21:02
ვრცლად
ბრიტანელები პოლიციელების დასჯას ითხოვენ - ჰენრი ნოვაკის საქმეზე საბოლოო განაჩენმა მრავალათასიანი აქცია გამოიწვია

ბრიტანული პოლიციის ორმაგი სტანდარტი, უმოქმედობა და გულგრილობა დემონსტრანტებმა შეძახილებით დაგმეს. საუთჰემპტონში მრავალათასიანი აქციის მონაწილეები იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც 18 წლის მომაკვდავ ახალგაზრდას, დახმარების ნაცვლად, ჯერ დასცინეს და ქვაფენილზე გაათრიეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს.

მასშტაბური პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰენრი ნოვაკის საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგა. განსასჯელის სკამზე კი არ აღმოჩნდნენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც მკვლელის ცრუ ჩვენების და მითითების საფუძველზე იმოქმედეს და მსხვერპლს ისე მოექცნენ, როგორც დამნაშავეს.

დიდი ბრიტანეთის პოლიციაში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ნაიჯელ ფარაჯი ღიად ამბობს, რომ სამართალდამცველები მოქმედებისას თანასწორობის პრინციპებით არ ხელმძღვანელობენ და მოქალაქეებს წარმომავლობის და კუთვნილების მიხედვით ასხვავებენ.

ჰენრი ნოვაკის მკვლელობის საქმეს და საუთჰემპტონში მომხდარ შეტაკებებს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. კირ სტარმერმა დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ ყველა პირი, რომელიც აქციების მიმდინარეობისას პოლიციას დაუპირისპირდება, პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.

18 წლის ჰენრი ნოვაკი, წარჩინებული სტუდენტი და საკალათბურთო გუნდის წევრი, გასული წლის 3 დეკემბერს საუთჰემპტონში ვიკრუმ დიგვამ სარიტუალო დანით მოკლა. 23 წლის მამაკაცმა ახალგაზრდას ცივი იარაღით ზურგის, მკერდისა და ფილტვის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი 5 ჭრილობა მიაყენა. თითქმის ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ სასამართლომ ჰენრი ნოვაკის მკვლელი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები