04 აგვისტო 2026,   17:43
ვრცლად
რეაბილიტირებული 700 ჰექტრამდე ტერიტორია, 700 000-მდე დარგული ნერგი, ახალი საფეხმავლო და ველობილიკები - ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით, თბილისში ურბანული ტყის პროექტი სრულდება

რეაბილიტირებული 700 ჰექტრამდე ტერიტორია, 700 000-მდე დარგული ნერგი და ახალი საფეხმავლო და ველობილიკები - თბილისს ახალი მწვანე სივრცე ემატება. ურბანული ტყე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ იდეა იყო, დღეს უკვე ფონდ "ქართუს" მხარდაჭერითა და დაფინანსებით დასასრულს უახლოვდება.

დედაქალაქის შემოგარენში, სადაც წლების განმავლობაში დაზიანებული და გამოფიტული ტერიტორიები იყო, ახლა ასიათასობით ახალი ხე იზრდება. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკოსისტემის აღდგენასაც დაეთმო. მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, მოეწყო ახალი ჭაბურღილები და სარწყავი სისტემა, რომლებიც ასეულობით ჰექტარ ტერიტორიას წყლით ამარაგებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიომრავალფეროვნების აღდგენას. პროექტის ფარგლებში ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა კოლხური ხოხობი და კაკაბი, რომლებიც ჭორვილის ეროვნული საშენიდან სპეციალურად მოწყობილ დროებით ვოლიერში განათავსეს. ადაპტაციის შემდეგ კი ფრინველები ტყის ტერიტორიაზე სახლდებიან, რაც ურბანულ გარემოში ბუნების ცოცხალი სამყაროს დაბრუნების იშვიათ მაგალითს ქმნის.

ურბანული ტყე მხოლოდ გამწვანების პროექტი არ არის. აქ შეიქმნა გარემო, რომელიც მოქალაქეებს ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. შეიქმნა ახალი მარშრუტები, მოეწყო ფრინველებზე გადასახედი ქოხი, დასასვენებელი სივრცეები და თავშესაფრები, რომლებიც ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის. თბილისის ურბანული ტყე იქნება სივრცე, სადაც დედაქალაქის ეკოლოგიური მომავალი, რეკრეაცია და ბუნების დაცვა გაერთიანდება.

თბილისის ურბანული ტყე არის ინვესტიცია ქალაქის ეკოლოგიურ მომავალში. თანამედროვე მსოფლიოში ურბანული ტყეები ქალაქების განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიიჩნევა, რადგან ისინი გარემოს დაცვას, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ერთდროულად ემსახურება.

პროექტის საერთო ღირებულება 24 მილიონი ლარია და ის სრულად, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.

დღის ამბები