04 აგვისტო 2026,   08:57
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება და მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციები - განცხადების ტექსტი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა

შინაარსთან ერთად, ოპოზიციისთვის პრობლემად იმ რეალობის აღიარება აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯერ პირადად დაანახეს, მოგვიანებით კი შავით თეთრზე, მშობლიურ ენაზე დაუწერეს.

ამერიკული მხარე მკაფიოდ ამბობს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია პოლიტიკურ ოპოზიციას საჭიროებს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს - ამომრჩევლის ინტერესების წარმოსაჩენად. ამ გზავნილიდან მალევე, ხაზარაძის პარტიის აღიარებას, რომ ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა საპარლამენტო ბოიკოტის გამო შტატების საყვედური მიიღეს, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა.

"ლელოს" საერთაშორისო მდივანმა თქვა უფრო მეტიც - რომ შტატები ოპოზიციის ბოიკოტით იმედგაცრუებულია, არც არჩევნების იგნორირებას ემხრობა და პოლიტიკურ ძალებსაც მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში ხედავს. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას ოპოზიციისთვის რომ "ცივი შხაპის" ეფექტი ჰქონდა, მალევე დაადასტურა ნიკა გვარამიამ.

გეგელიას ლოგიკით, ინგლისურთან პრობლემა ყოფილებთან ერთად მოქმედ "ნაციონალებსაც" უნდა ჰქონდეთ. სააკაშვილის პარტია ერთ-ერთია ოთხ ბარიერგადალახულ სუბიექტს შორის, ვინც ამერიკული დელეგაციის პირისპირ იჯდა, თუმცა მარკო რუბიოს უწყების გზავნილი მათაც თავიანთი ინტერპრეტაციით თარგმნეს. ბოიკოტის მომხრეები სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის არასწორი ინტერპრეტირების გამო უპასუხისმგებლობასა და უვიცობაში დაადანაშაულეს "ლელოს" სხვა ლიდერებმა.

პარლამენტს მიღმა დარჩენილების ეს პოზიცია ისეთივე მცდარია პარლამენტში დაგვიანებით შესული ოპოზიციისთვის, როგორც ბოიკოტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ოთხი ბარიერგადალახული სუბიექტიდან ერთ-ერთი, რომელიც საკანონმდებლო პროცესში ერთი წლის დაგვიანებით ჩაერთო, დღეს თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებს.

ბოიკოტი და საბოტაჟი - ის, რაც შიდა პოლიტიკური კლიმატის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ვაშინგტონიდან ბაიდენის ადმინისტრაციის, ბრიუსელიდან კი ცალკეული ბიუროკრატების მიერ იყო ინსპირირებული. ახლა, როდესაც ამერიკის მოქმედი ხელისუფლება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და უწყვეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად სტაბილური შიდა პოლიტიკური პროცესისა და ოპოზიციის ჩართულობის მომხრეა, "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპონენტებს, რთულად, მაგრამ მაინც, შეცდომების აღიარება უწევთ.

ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზა თბილისმა და ვაშინგტონმა უკვე განიხილეს - ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები - ეს ის თანხვედრაა, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებენ. თავის მხრივ, საქართველოც მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.

ამერიკის შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. ვაშინგტონს თბილისთან პოლიტიკურთან ერთად კომერციული თანამშრომლობის გაფართოების, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესიც აქვს. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს თქვა.

დღის ამბები