27 ნოემბერი 2026,   18:49
ვრცლად
ბოიკოტისა და ხალხის წარმომადგენლობაზე უარის თქმის პოლიტიკა არ არის და ვერც იქნება ეფექტიანი - გრიგოლ გეგელია

კვლავ შეფასებების საგანია სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის თბილისში ვიზიტი, რომლის შესახებაც განცხადება ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

"ქართულ ოცნებაში" აქცენტს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლის იმედი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტთა პასუხისმგებლობის თემას ხაზი მათთან შეხვედრაზე ამერიკულმა დელეგაციამაც გაუსვა. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის დიპლომატიური მისიის ტექსტშიც, სადაც დახურული შეხვედრების შინაარსი გასაჯაროვდა. განცხადებიდან გაირკვა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო ბოიკოტის გამო საყვედური მიიღეს.

მიმდინარე თემას აფასებენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბოიკოტისა და ხალხის წარმომადგენლობაზე უარის თქმის პოლიტიკა არ არის ეფექტური.

"ამერიკას აქვს სურვილი, აღადგინოს უფრო სტაბილური, ნორმალური ურთიერთობები ქართულ სახელმწიფოსთან, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან მკაფიოდ, შავით თეთრზე არის ნათქვამი, რომ ბოიკოტის, არჩევნების გაშვების, არბრძოლის და ხალხის წარმომადგენლობაზე უარის თქმის პოლიტიკა არ არის და ვერ იქნება ეფექტიანი. ეს არის თანხვედრაში "ლელო ძლიერი საქართველოს" ფილოსოფიასთან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

დღის ამბები