27 ნოემბერი 2026,   11:37
ვრცლად
უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის - პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის არ გააგზავნის იარაღს და არც ჯარისკაცებს უკრაინაში და კიევის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებები იქნება დაცული.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადიარმა აღნიშნა: "უნგრეთი კვლავ იქნება საიმედო პარტნიორი მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსში", თუმცა დასძინა: "გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო ტექნიკას არ აწვდი".

მანამდე მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ახალი მოლაპარაკებების გახსნას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, "თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უნგრული უმცირესობის უფლებების შესახებ", რაც სკოლებში ბაღებში და სახელმწიფო დაწესებულებებში უნგრული ენის შემოღებას გულისხმობს.

ბუდაპეშტი დიდი ხანია ადანაშაულებს კიევს დასავლეთ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების ენობრივი და საგანმანათლებლო უფლებების შეზღუდვაში, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მადიარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ უმცირესობების უფლებების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება მიღწეული.

მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა აღიარა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია და აქვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება, მისმა მთავრობამ ძალაში დატოვა შეზღუდვები სამხედრო მხარდაჭერაზე და ახლახან აკრძალვა დააწესა უკრაინული სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის ფართო ასორტიმენტის იმპორტზე, მათ შორის მარცვლეულზე, ხორცზე, კვერცხზე, თაფლსა და ღვინოზე.

უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით მადიარმა კომენტარი ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც მხარეებმა ანკარაში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება განიხილეს.

დღის ამბები