27 ნოემბერი 2026,   11:20
ვრცლად
მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანების "გეგმა ბ" რუმინეთთან გაერთიანებაა

მოლდოვა განიხილავს მეზობელ რუმინეთთან გაერთიანებას, თუ მისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ შეფერხდება ან დაიბლოკება - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეუგენ ოსმოჩესკუმ გამოცემა Euractiv-ს ინტერვიუში.

ოსმოჩესკუმ, რუმინეთთან გაერთიანება აღწერა, როგორც შესაძლო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლის შემდეგ შეჩერდება.

"ეს არის გეგმა ბ", - განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, ოსმოჩესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერა 2028 წლის ბოლომდე.

პოლიტიკური ლიდერები ალტერნატიულ გზებს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ეს პროცესი ჩიხში შევა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ მოლდოვის პროგრესი შეფერხდეს მისი გაწევრიანების განაცხადის უკრაინასთან მიბმის გამო, ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპად უნდა დარჩეს, თუმცა დასძინა, რომ კიშინოვს ბრიუსელისგან სასწრაფოდ სჭირდება ხელშესახები პროგრესი.

"ჩვენ გვჭირდება სიგნალის გაგზავნა მოსახლეობისთვის,"- განაცხადა მან.

ოსმოჩესკუმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია შესაძლებლობები, რათა გაუძლოს ხანგრძლივ სამხედრო ზეწოლას.

კითხვაზე, ხომ არ დატოვებს ეს ქვეყნებს განუზღვრელ, გაურკვეველ მდგომარეობაში, როგორც ამას კრიტიკოსები ამტკიცებენ, ოსმოჩესკუმ უპასუხა, რომ ეს პირიქით - უნდა აღიქმებოდეს, როგორც შესაძლებლობა.

მინისტრმა ღიად დაუჭირა მხარი რუმინეთთან საბოლოო გაერთიანების შესაძლებლობას, თუ მოლდოვის ევროპული ამბიციები იმედგაცრუებით დასრულდება.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა ეს ნაბიჯი ფუნდამენტურად მოლდოვის იდენტობას, ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოველთა უმრავლესობას უკვე აქვს მჭიდრო კულტურული და ოჯახური კავშირები რუმინეთთან, ბევრ მათგანს კი რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს.

მოლდოვაში გაერთიანებაზე მხარდაჭერა დაახლოებით 40%-ს შეადგენს (სადაც ქვეყნის 2.4 მილიონი მცხოვრებიდან დაახლოებით 850,000 ფლობს რუმინულ პასპორტს), ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია.

"ამას თავისი ფასი ექნება," - განაცხადა მან. "ეს ფასი რუმინეთმა და ევროკავშირმა უნდა აანაზღაურონ. თუმცა, ეს ხარჯი არ იქნება ისეთივე კოლოსალური, როგორიც ყოფილი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიების გაერთიანების დროს იყო".

"ეს განსახილველი საკითხია," - თქვა მან კითხვაზე, შეიძლება თუ არა 2028 წელი გახდეს მომენტი ხელახალი შეფასებისთვის. "სწორედ ეს განაცხადა პრეზიდენტმაც".

დღის ამბები