04 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
ელექტროენერგიის უკონტროლო მიწოდება მესტიაში - ხელისუფლება უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ აქტიურ მუშაობას იწყებს

ხელისუფლება უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ აქტიურ მუშაობას იწყებს. მთავრობის მეთაურმა დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების კოლოსალურ მაჩვენებელზე ისაუბრა, რომელიც წლიურად 15 რაიონის საერთო მოხმარებას უტოლდება. პრემიერის აზრით, სიტუაციიდან გამოსავალი გამრიცხველიანება და პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაა.

133 მილიონი კილოვატსაათი 2025 წელს და ყოველწლიურად 7 პროცენტით გაზრდილ მოხმარებას მესტიაში ელექტროენერგიის უკონტროლო მიწოდებას უკავშირებენ სემეკში. მარეგულირებელი მთავრობის ინიციატივას მიესალმება და მზადაა გამრიცხველიანების პროცესს მონიტორინგი გაუწიოს. სემეკში აცხადებენ, რომ უკანონო კრიპტომაინინგის ამ ფორმით შეზღუდვა, მომმარაგებელ კომპანიას ქსელების რეაბილიტაციის შესაძლებლობას მისცემს.

უკანონო კრიპტომაინინგის მიერ გამოწვეულ გადაჭარბებულ მოხმარებას, გამოწვევად თვლიან ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო მაინინგის გამო, გადასახადის გადამხდელებს ყოველთვიურად სოლიდური დანახარჯი აქვთ. სქემის განეიტრალება კი მიწოდების ხარისხთან ერთად ყოველწლიურად 25 მილიონ ლარამდე დანაზოგს გააჩენს.

მთავრობის ინიციატივა საზოგადოებას სპეციალურ ბრიფინგზე გუშინ მამუკა მდინარაძემ გააცნო. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ სვანეთში ელექტროენერგია მოსახლეობისთვის კვლავ უფასო რჩება, თუმცა დოტაცია კონკრეტული გონივრული ლიმიტის ფარგლებში მოხდება. ვიცე-პრემიერმა გამრიცხველიანების პროცესისა და კანონის აღსრულების მონიტორინგის აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ კუთხით აქტიურად იმუშავებენ.

ენერგო-პრო ჯორჯია, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მიმწოდებელი კომპანიის საქმიანობას მონიტორინგს სემეკი, კანონის აღსრულებას კი სამართალდამცავები გაუწევენ.

დღის ამბები