ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების მზადყოფნა ტრამპის ადმინისტრაციას აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი სწორედ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განხილვას ემსახურებოდა. ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები - თანხვედრა, რომელიც უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლის მოლოდინს აჩენს - ეს ამერიკის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა. მისიამ სახდეპის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტი ერთ განცხადებაში შეაჯამა. სწორედ ამ განცხადებით გასაჯაროვდა დახურული შეხვედრების შინაარსი, სადაც როგორც ჩანს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო ბოიკოტის გამო საყვედურიც მიიღეს.
ოპოზიცია თავად არ ჰყვება, თუმცა ამერიკული მხარე ღიად წერს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია პოლიტიკურ ოპოზიციას საჭიროებს , რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს - ამომრჩევლის ინტერესების წარმოსაჩენად. ბოიკოტში მყოფებს აღიარება უჭირთ, თუმცა მანდატებზე ნათქვამ უარს ნანობენ. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ვერ ეწინააღმდეგებიან..
ამერიკული დელეგაცია სწორედ იმ 4 ბარიერგადალახულ სუბიექტს შეხვდა, რომელთაგან, მხოლოდ ერთმა მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. ისიც, დაგვიანებით. თავის დროზე დაწყებულ ბოიკოტს დღეს სხვადასხვა ფაქტორით ამართლებენ..
პოლიტიკურთან ერთად, ვაშინგტონიდან კომერციული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი არსებობს. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ ოპოზიციის ჩართულობით, სტაბილური შიდაპოლიტიკური კლიმატის უზრუნველყოფას უკავშირდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბოიკოტში მყოფმა მათმა ოპონენტებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ, გზავნილი კი იმ უცხოელმა აქტორებმაც უნდა გაიზიარონ, რომლებიც წლებია ახალისებენ პროცესების პარლამენტიდან ქუჩაში გადატანას.
ხელშესახები სარგებელი, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს - ასე ხედავს საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობას ამერიკის დელეგაცია, რომელიც თბილისში 25-28 მაისს იმყოფებოდა. შეხვდა ყველა პოლიტიკურ მხარეს. ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს.