საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბელგრადში, საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ეხება. პანელური დისკუსიისას თემაზე - "პარიტეტის მიღწევის ხელშემშლელი ბარიერები: სტერეოტიპები და ნეგატიური სოციალური ნორმები", ლიკა შარტავამ საქართველოს მიერ გადადგმულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"საქართველოს ახსოვს ქალთა მრავალი თაობა, რომლებმაც გამორჩეული სიმტკიცით, სიმამაცითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დაიცვეს ერის მომავალი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიის შექმნაში.
დღეს, როგორც არასდროს, ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და ძლიერი მომავლის შენებაში. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა უფლებების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს სამინისტროებში დასაქმებულთა 57.4% ქალია, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წილი 49.7%-ს შეადგენს.
საქართველო გენდერული თანასწორობის გლობალურ რეიტინგებში სტაბილურ და თანმიმდევრულ პროგრესს აჩვენებს," - განაცხადა ლიკა შარტავამ.
ბელგრადში იმყოფება სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუაც.