04 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
პროცესი მიდის სწორი მიმართულებით, ეს ამ შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა - ლევან მახაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელმაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. განცხადების მიხედვით, დელეგაციამ ოპოზიციის ლიდერებს გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ კი აღნიშნეს, რომ დიპლომატებმა მთავრობას კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

"ეს, უპირველეს ყოვლისა არის სწორი გზავნილი. ამაზე საუბარი შეხვედრების განმავლობაშიც გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციასთან შეხვედრაზეც ამაზე სიღრმისეულად ისაუბრეს. ამერიკის მხარემ გაგვიზიარა შეხედულებები.

ეს სრულიად ბუნებრივია, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალისთვის კონსტიტუციური წესრიგი და ჩარჩო არის უპირველესი. არ არის ბუნებრივი და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალები, საპარლამენტო მანდატებზე ამბობენ უარს, მხარდაჭერაზე ამბობენ უარს და ცდილობენ პროცესი გადაიტანონ ქუჩაში.

პროცესი მიდის სწორი მიმართულებით, ეს ამ შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა - იქება ეს პოლიტიკური მიმართულებები, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება თუ სხვა სექტორი. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სწორი მიმართულების მიყვანას ლოგიკურ დასასრულამდე, რაც არის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები