შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის შესახებ ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება. ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ყველა ის განცხადება, რომელიც შეკვეთილში შეძენილი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კეთდება, აბსურდულია.
ნიკოლოზ ჩხეტიანმა დეტალურად განმარტა, რის საფუძველზე და რა მიზნით მოხდა ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეძენა. მისი თქმით, მუდმივი კამპანია მიმდინარეობს, რომ ყველაფერი, რასაც ფონდი "ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, შეიფუთოს ნეგატიურ კონტექსტში.
"ფონდი ქართუ" აგრძელებს თავის საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც აკეთებს სამი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბუნებრივია, კონკრეტულად აჭარა-გურიის რეგიონში და ახლა არის ერთ-ერთი მსგავსი პროექტი, რასაც ფონდი ახორციელებს. როდესაც მოხდა გადაცემა ამ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, მეორე თუ მესამე დღეს მაშინვე გამოაცხვეს აბსურდული ბრალდებების მქონე განცხადებები. იქ იყო ლაპარაკი ფულის გათეთრებაზე და რაღაც სისულელეებზე.
სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგში, რომ ჩვენ მოგვმართა სახელმწიფო ორგანიზაციამ, Starring Georgia-მ, რომელიც მართავს სახელმწიფო აქტივებს, მათ შორის, "ბლექ სი არენას" და მრავალ სხვა აქტივს. მათ აქვთ საინტერესო პროექტი, კონკრეტულად ე.წ. დინოტოპიის ტიპის პარკის მოწყობის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემავალ ერთ-ერთ ორგანიზაციას და გადაწყდა ამ ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე, სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის შემდეგ.
ბუნებრივია, "ქართუს" სტრუქტურაში საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ახორციელებს, შესაბამისად, ფონდმა გამოისყიდა იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო ის ნაკვეთი იმ ორგანიზაციიდან, იმიტომ, რომ ის ორგანიზაცია ფუნქციონირებს თავის კომერციულ საწყისებზე. ჩვენ გამოვისყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს.
ანუ, არის პირწმინდა განხორციელებული ტრანზაქცია, ეს არის ქველმოქმედება, არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. სხვათა შორის, სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალურად და იმდენად აბსურდული იყო ყველაფერი, გააათმაგეს ტერიტორია. ანუ, იდეაში რომ იკითხო, ეყრდნობოდნენ იმ ამონაწერს, რაც საჯარო რეესტრში დაფიქსირდა და ნულების დათვლაც არ იციან. 2.7 ჰა იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰა. რაც გაჟღერდა, მაგრამ ეს ზოგადად ძალით გაბუქება ყველაფრის, ეს სავიზიტო ბარათია შესაბამისი მედიების და იმ ექსპერტების, რომლებიც მათ გვერდში უდგათ და ეხმარებიან ამ აბსურდული ბრალდებების გავრცელებაში. ეს არის მუდმივი კამპანია, რომელიც მიმართულია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს "ფონდმა ქართუმ" და ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი უნდა შეიფუთოს ნეგატიურ კონტექსტში.
მიწის ნაკვეთის ღირებულება არის მილიონ 300 ათასი ლარი, რაც ფონდმა გადაუხადა შპს. აკვაცენტრს, ვის საკუთრებაშიც იყო ეს მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდგომში ფონდმა აჩუქა ეს მიწა სახელმწიფოს," - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
ფონდმა ქართუმ "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ამ ტერიტორიაზე Starring Georgia მალე საქართველოში ყველაზე დიდ დინო პარკს "დინოტოპიას" გახსნის. მიუხედავად იმისა რომ პროექტის მიხედვით იქმნება თანამედროვე, შემეცნებით გასართობი სივრცე, ოპოზიცია ამ საქველმოქმედო პროექტის დაზიანებას სხვადასხვა სპეკულაციური მეთოდით ცდილობს.