17 აგვისტო 2026,   10:14
ვრცლად
ბლაჟევიჩის მიერ ოპოზიისთვის გაწერილი გეგმა, რომელმაც არ გაამართლა - დაწუნებული სლოგანი და ახალი დაპირისპირება ენმ-ს ყოფილ თუ ამჟამინდელ  ლიდერებს შორის

ოპოზიციის 26 მაისი - ახალი სლოგანი, რომელმაც არ გაამართლა და არშემდგარი სცენარი.
ოპოზიციის აქციის დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში დაიწყო ის, რის დამალვასაც, როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ცდილობდნენ. ჯერ კამათი სლოგანზე, შემდეგ დავა იმაზე, რამდენად წარმატებული იყო აქცია. ნაწილი ხალხს ითვლიდა, ნაწილი ეკრანთან მჯდომ მაყურებელს, ნაწილი კი იმას არკვევდა, რატომ გახდა ტრანსლაციის რეიტინგი პოლიტიკური წარმატების მთავარი საზომი.

26 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი ალიანსელები ამტკიცებდნენ, რომ იგორ ბლაჟევიჩს არ იცნობენ.

თუმცა, "პრაიმ ტაიმის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას ჩეხ კონსულტანტსა და მის როლზე ვერ უარყოფდნენ.

ვიდრე პოლიტიკოსები კამერებთან ბლაჟევიჩის გვარის ხსენებას გაურბოდნენ, გავრცელებულმა დოკუმენტმა სულ სხვა სურათი დახატა: დადასტურდა, რომ 26 მაისს ოპოზიციის აქციის მთავარი "რეჟისორი" იგორ ბლაჟევიჩია და სწორედ მის კალამს ეკუთვნის ის "შემთხვევითი" სლოგანიც, რომელსაც ოპოზიცია თვეებია, მანტრასავით იმეორებს და ბოლოს აქციაზეც გააჟღერა.

ეს მხოლოდ ლოზუნგი არ არის - ეს გაწერილი ტექნოლოგიაა. გეგმა მარტივი, მაგრამ საფრთხის შემცველია: სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პოლიტიკური კრიზისის ხელოვნური პროვოცირება და ქვეყნის ერთადერთ მხსნელად ოპოზიციის წარმოჩენა.

გამოდის, რომ დამოუკიდებლობის დღესაც კი, ქართველი ოპოზიციონერები საკუთარ დღის წესრიგს თავად კი არ ქმნიდნენ, არამედ ჩეხი კონსულტანტის მიერ უცხოეთში შედგენილ "საშინაო დავალებას" ასრულებდნენ. ეს ყველაფერი იმითაც დადასტურდა, რომ რაც "პრაიმ ტაიმმა" 26 მაისს დღის პირველ ნახევარში დაწერა, დღის მეორე ნახევარში ყველამ ცხადად იხილა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კონსულტანტი ბლაჟევიჩი მხოლოდ ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ, ჩვენთვის უცნობ, მის კოლეგას ეკონტაქტება. ეს გადაწყვეტილება ჩეხმა კონსულტანტმა მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა წყაროთი მისმა ვინაობამ გაჟონა. "პრაიმ ტაიმის" ცნობით, ბლაჟევიჩს და გვარამიას დაპირისპირება იმის გამოც ჰქონდათ, რომ საჯარო გამოსვლის ტექსტები პოლიტიკოსებმა "ჩათჯიპიტის" დააწერინეს.

გარე აქტორების აქტიურობა არ აკვირვებთ ხელისუფლებაში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია უცხოელი კონსულტანტებისგან მთავარ დავალებას იღებს - ქართველი ხალხი დაყონ, ერთმანეთს დააპირისპირონ და მათზე ზეგავლენა მოახდინონ. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში იყოს არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ სტატუსით გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნიდან იმართება.

გასაჯაროებული გეგმა აქციის დამსწრე საზოგადოებამ არ მოიწონა. "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - არ გამოდგა ის დევიზი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებს და შუაშისტებს გააერთიანებდა. მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს ბლაჟევიჩის დაწერილი ტექსტები, რომელიც ოპოზიციამ 26 მაისის აქციაზე წაიკითხა. კრიტიკა დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გასაჯაროვდა. წერილს წერილითვე უპასუხა ნიკა მელიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტს "ეგოზე დაორსულებული", "მოღალატე" და "საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული" უწოდა.

ახლად შექმნილი ალიანსის ვერშემდგარი ერთობა სისუსტის კიდევ ერთი დასტურია მთავრობის მეთაურისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარე პროცესები ოპოზიციას ასუსტებს, სახელმწიფო ინტერესებს კი აძლიერებს.

ბლაჟევიჩის დავალება ოპოზიციამ ვერ შეასრულა. სლოგანის "საქართველო უკეთესს იმსახურებს" მთავარი მიზანი, საზოგადოებისთვის ხელისუფლების ალტერნატივის შეთავაზება იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს დევიზი ყველაზე ზუსტად ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" ერგება. 26 მაისს ბევრი დარწმუნდა, რომ საქართველო მათზე უკეთეს ოპოზიციას ნამდვილად იმსახურებს.

დღის ამბები