იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.
მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს, საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.
იუსტიციის მინისტრმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
"აღსრულების პოლიცია, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, სწორედ მათზე არის დამოკიდებული ყველაზე რთული ამოცანების შესრულება აღსრულების პროცესში. აღსრულების პოლიციელები ყოველდღიურად საქმიანობენ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით და ჩართული არიან მოქალაქეებთან ურთიერთობაში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითქმის 80%-ია მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აღსრულების პოლიცია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ შესაძლებელია მოდავე მხარეებს შორის, უკვე აღსრულების ეტაპზეც შედგეს მორიგება, ეს ძალიან გვახარებს", - განაცხადა პაატა სალიამ.