საუკუნეების წინ მრავალჯერ დარბეული, თუმცა მრავალჯერვე აღდგენილი - სიონის საკათედრო ტაძრის ისტორია თბილისის დაარსებიდან მალევე დაიწყო. ეს იყო მთავარი საეკლესიო ცენტრი, რომელიც ადგილობრივებს ქრისტიანული ღირებულებების გარშემო აერთიანებდა და აძლიერებდა. სიონი თბილისელების სასულიერო და საერო ცხოვრების მიმართულებას საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა.
ბოლოს სიონის კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ საუკუნეში ჩატარდა. დღეს უკვე, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მომზადებულია რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი. დაწყებულია სამუშაოებიც.
სრულად განახლდება ტაძრისა და სამრეკლოს სახურავი, თუმცა ტაძარს ავთენტური იერსახე შეუნარჩუნდება. პროექტი უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტების გათვალისწინებით დაიგეგმა, ამიტომ ტაძარი მრევლისთვის არ დაიხურება.
პროექტის მთავარ არქიტექტორს სიონის რეაბილიტაციაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. წლების წინ სწორედ ტარიელ კიპაროიძემ დააპროექტა ტაძრის სახურავი. მის სახელს უკავშირდება ნარიყალას კომპლექსის, სურამის ციხისა და საფრანგეთში, ლევილის ქართული მამულის პროექტებიც.
სიონის საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლური სამყაროსთვის მრავალ სიწმინდეს ინახავს. მათ შორის არის წმინდა ნინოს ჯვარი და თომა მოციქულის თავის ქალა. აქვე განისვენებენ გამოჩენილი მოღვაწეები, მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები. სულ ცოტა ხნის წინ კი სიონი მარადიულ განსასვენებელ ადგილად იქცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის - ერის სულიერი მამისთვის, რომელსაც ეს ტაძარი განსაკუთრებულად უყვარდა.
სიონის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას ემსახურება მიმდინარე პროექტიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ 1 მილიონ 220 ათასი ლარი გამოყო.
ტაძარს ყოველდღიურად ასობით მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე