"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული კიდევ ერთი პირი "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. "რუსთავი 2-მა" ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაამოწმა. უწყებაში ვერსიას ადასტურებენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ის, "საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას".
ცნობისთვის, სუს-ში ბრიფინგი 11:00 საათზეც გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა.