პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული წარმომადგენლობების გაფართოების აქტიურ კამპანიას განაგრძობს. დღეს, პარტიის რიგით მე-6 ოფისი კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში გაიხსნა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ახალი ოფისის გახსნის მიზანი რეგიონის მოსახლეობასთან პირდაპირი, აქტიური კომუნიკაცია, ადგილობრივი საჭიროებების გაცნობა და პარტიის ხედვებსა და სამომავლო გეგმების მოსახლეობისთვის გაზიარებაა
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის წევრები და ადგილობრივი წარმომადგენლები. მათ ხაზი გაუსვეს თელავის და ზოგადად, კახეთის რეგიონის განსაკუთრებულ ისტორიულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნისთვის.
პარტიის ხელმძღვანელობის განცხადებით, რეგიონული ოფისების გახსნის კამპანია გაგრძელდება და "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" უახლოეს მომავალში წარმომადგენლობებს ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც აამოქმედებს, რათა შექმნას მყარი პლატფორმა მოქალაქეებთან მუდმივი დიალოგისთვის.
"ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, აღდგენის შემდეგ კი, 35 წელი მრუდე გზით ვიარეთ... დეიურე დამოუკიდებლობა გვქონდა, რეალურად კი, მივიღეთ საელჩოების, ენჯეოების და უცხოური ძალების მმართველობა! ჩვენ გარედან თავს მოგვახვიეს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაამკვიდრეს, რომ თითქოს ბატონის გამოცვლაა დამოუკიდებლობა და თავისუფლება... ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით, ხოლო მალევე ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად დავისახეთ - კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ", - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.