მიმდინარე წლის პირველი კვარტალი - 9,1%. ბოლო ოთხი თვის მაჩვენებელი - 8,3%. უშუალოდ აპრილის თვეში ქვეყნის ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ ეკონომიკა სტაბილურობისა და განვითარების მყარ კურსს ინარჩუნებს.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ახლა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. უწყებაში ყურადღებას ამახვილებენ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე, რომლის მიხედვითაც ექსპორტი 21,1%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 439 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა კი 73,5%-ს გაუტოლდა.
ფისკალური დისციპლინა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ზოგადად საფინანსო სექტორის სიჯანსაღე - ეს ის ფაქტორებია, რომელზეც ყურადღებას არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამახვილებს. ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები აჩენს მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო გაწონასწორებული ეკონომიკური პოლიტიკით მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისგან თავის არიდებას ახერხებს, ჩვენს ქვეყანას გამოარჩევს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.