ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების მიდგომაზე საუბრობს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით სახელმწიფოების უმრავლესობა პრეპარატების დაკვირვების რეჟიმშია და ამ ეტაპზე არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დანამდვილებით გასცეს ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი. კითხვებზე პასუხებს და კვლევების შედეგებს ელოდებიან საქართველოშიც. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის და სამედიცინო სერვისების ფართო პაკეტი მოქმედებს. მუშაობს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. სერვისების ფარგლებში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მულტიდისციპლინური, სრულყოფილი სამედიცინო მეთვალყურეობა, პროგრამა 100%-ით, ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის სპეციფიკურ ანალიზებს. პედიატრიული მიმართულებით პროგრამაში ჟვანიას, ციციშვილის და იაშვილის კლინიკებია ჩართული.
მულტიდისციპლინური სერვისით სარგებლობა 18 წლამდე პაციენტების გარდა სრულწლოვან პირებსაც შეუძლიათ. პროგრამის მთავარი მიზანია, რომ იშვიათი კუნთოვანი დაავადებების მქონე პირებმა ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი მიიღონ და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყვნენ.
დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და მომსახურება, სპეციალისტების და ექიმების მიერ გაწერილი საჭიროებებია.
უზრუნველყოფას კი სახელმწიფო ახდენს. მინისტრმა დღეს მკაფიოდ განმარტა, რომ ამ პროგრამით სარგებლობას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა სრულწლოვან პაციენტებსაც შეუძლიათ.
სამედიცინო მეთვალყურეობის პარალელურად, სახელმწიფო პროგრამის ნაწილია პაციენტების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით ელექტროეტლებით, რასაც პერსონალური ამწეებიც დაემატა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს. იშვიათ დაავადებას საქართველოში 100-მდე პაციენტი ებრძვის.