შედგა თუ არა აქცია? - ოპოზიცია ამაზე მსჯელობას არ წყვეტს, არ წყდება არც კონფლიქტ-რეჟიმი. ხალხის რაოდენობაზე კამათს დაემატა ერთმანეთისთვის წარსულის შეცდომების შეხსენება. ურთიერთბრალდებების ფონზე კი მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციის მცდარ სტრატეგიაზე ალაპარაკდა. ექსპრეზიდენტი პარტიებისგან ითხოვს, დააკონკრეტონ, რა არის მათი შემდგომი გეგმა. სხვების მსგავსად, იწუნებს სლოგანსაც. 8 პარტიასთან გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ცალკე გაერთიანებისკენ მოუწოდებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ ალიანსის გეგმა მავნეა, ლოზუნგი კი - არაადეკვატური.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დისტანციურ უკმაყოფილებას ტრადიციული ცინიზმი მოჰყვა „ფედერალისტების“ ლიდერისგან. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, მისთვის მოსაწონი გეგმები საკუთარ პარტიას მოსთხოვოს. წერს, რომ აქციაზე გამოფენილი ბანერები მას ოპოზიციის ლანძღვისა და მათი უფროსობის ლეგიტიმაციას ვერ მისცემს, რადგან სააკაშვილი უკვე „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი არარელევანტური გახდა.
ასე არ ფიქრობს თავად პარტიის ლიდერი, რომელმაც ციხიდან მოიწერა, რომ 26 მაისთან შედარებით, გაცილებით მეტი ადამიანი შეუერთდა თავის დროზე მისი გათავისუფლების მოთხოვნას. მაშინდელი აქციის მიზანმიმართულ დაშლაში კი ნიკა მელია დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ მას ერთობის ჩამშლელი მაოხრებელი გზირიც უწოდეს. დღეს კი უკვე თავად მელიამ უწოდა მას.
ერთობაზე მაინც საუბრობენ, კოლეგებს კი მოუწოდებენ, თავი შეიკავონ კრიტიკისგან, რომელსაც განხეთქილება მოაქვს. ალიანსის წევრები ერთმანეთს არწმუნებენ იმაშიც, რომ ლოზუნგი სწორად შეირჩა.
პროცესი, რომელსაც საზოგადოება უყურებს, „ქართული ოცნების“ შეფასებით, პოლიტიკური კანონზომიერებაა, რადგან ერთპიროვნული ძალაუფლების მსურველების ერთობა ფასადურია, გარე ინსტრუქციებით მართული აქცია კი ყოველთვის კრახისთვის განწირული.
ოპოზიციამ გეგმის მეორე ფაზა დააანონსა. თუმცა, რას გულისხმობს მათი საზაფხულო კამპანია, ეს ჯერ თავადაც ვერ გაიგეს. სააკაშვილისთვის 26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი გაშიშვლებულია. ექსპრეზიდენტი მათ „მოწკმუტუნე მსხვერპლის“ როლში ხედავს.