ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ვითარება "ნაციონალურ მოძრაობასა" და გვარამია-მელიას პარტიას შორის გამწვავდა.
26 მაისის აქციის შემდეგ გვარამიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა პატიმარ პრეზიდენტს მაოხრებელი გზირი უწოდა.
დიმიტრი ბიძინაშვილის ეს განცხადება სააკაშვილის ბრალდებას მოჰყვა, რომელმაც ნიკა მელია მისი მხარდამჭერი აქციის მიზანმიმართულ დაშლაში დაადანაშაულა.
სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტს აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის და ეს საერთო ინტერესებს არ აზიანებს.
„თვითონ მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს, თუ საჭირო იქნება უფრო კონკრეტულად დაასახელებს ვის გულისხმობდა, მე მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი, რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმართებაში არ იყო თქმული. ხანდახან იხსენებს წარსულს, ხანდახან აწმყოზე, მომავალზე საუბრობს, ამიტომ ყველა მის სტატუსში ჩხირკედელაობა და იმის ძებნა, რომ ვინმეს ებრძვის, არის ნამდვილად ზედმეტი. არავის ებრძვის, მითუმეტეს, არც ბატონ ნიკა მელიას. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გეგმა არის მარტივი - მშვიდობიანი პროტესტი, აქტიური, ინტენსიური საპროტესტო მოძრაობა“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.