04 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
არავის მივცემთ საშუალებას, სამართალდამცავ ორგანოებს ყალბი რაღაცები დააბრალოს, მაგრამ არავინ მათ ხელს არ დააფარებს, თუ ხელი წაუცდებათ დანაშაულზე - თენგიზ შარმანაშვილი

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სისტემური და სისტემატური დანაშაული "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, რაც საგამოძიებო კომისიის დასკვნამაც დაადასტურა.

"გაეცანით ალბათ საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც შემდგომ პარლამენტმა დაამტკიცა. აი, რა არის სისტემური და სისტემატური დანაშაული, შეგიძლიათ იქ აღმოაჩინოთ. როდესაც არა მხოლოდ ძალადობრივ ფაქტებთან გვქონდა საქმე, შემდგომში, გამოძიების დროს ფაქტების გაყალბებასთან გვქონდა საქმე. იქ არის უამრავი მასალა, რომლის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული და მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ თვითონ არ ახსოვს, ან თუ ახალი თაობის ხალხია იქ მისული, მე ვურჩევ, 460 გვერდია თუ არ ვცდები და გადაიკითხოს ეს გვერდები და კარგად მიხვდებიან, რა არის სისტემური და სისტემატური დანაშაული. ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ყალბი რაღაცები დააბრალოს და ჩირქი მოსცხოს. მათი დამცველები ვიქნებით ყველა კანონიერ ქმედებაში. მაგრამ, არავინ მათ ხელს არ დააფარებს, თუ ხელი წაუცდებათ დანაშაულზე, მით უმეტეს, ძალადობრივ დანაშაულზე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება პოლიციელიც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

 

დღის ამბები