საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება საზოგადოებამ მყისიერად ნახა. მისი თქმით, ნებისმიერი გადაცდომა თუ სამართლებრივი დანაშაული შესაბამისად პასუხგაცემული იქნება.
წილოსანი მიიჩნევს, რომ სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედ ხელისუფლებასთან პარალელის გავლებას ცდილობს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოძალადე რეჟიმი იყო, რომლის მმართველობის დროსაც ქუჩაში დაახლოებით 150-მდე ადამიანი მოკლეს, ხოლო ნაცემი და დასახიჩრებული გაცილებით მეტი იყო.
„მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ. ნებისმიერი გადაცდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი გარკვეული სამართლებრივი დანაშაული, იქნება შესაბამისად პასუხგაცემული.
თუმცა, სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებასთან ან მმართველობასთან გაავლოს პარალელი. ეს იყო მოძალადე რეჟიმი, რომლის მმართველობის დროს სადღაც 150-მდე ადამიანი ჰყავთ ქუჩაში მოკლული და იმ თავისი დანაშაულებრივი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ გაცილებით მეტი ნაცემი და დასახიჩრებული, ფაქტობრივად წარმოუდგენელი ფაქტები ვიცით მათ ხელისუფლებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე