03 აგვისტო 2026,   19:20
ვრცლად
რატომ ჩავიდა ძლიერი წვიმის დროს წყალი მეტროსადგურ ავლაბარში, რომელიც 2 წლის წინ კაპიტალურად გარემონტდა - თბილისის მერი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს

22 მაისს, ძლიერი წვიმის დროს, მეტროსადგურ ავლაბარში, მგზავრებს მოულოდნელი სურათი დახვდათ. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს როგორ ჩამოდის წყალი განახლებული სახურავიდან და შიდა სივრცეში გროვდება. შექმნილი ვითარების გამო, მგზავრებს მეტროდან გამოსასვლელად დატბორილ მეტროსადგურში გადაადგილება მოუწიათ. მიზეზი დაზიანებული სანიაღვრე სისტემა აღმოჩნდა, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვალა.

კერძო კომპანია, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაასრულა ყველა გამოვლენილ ხარვეზს საკუთარი სახსრებით გამოასწორებს. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საგარანტიო ვადა კიდევ 14 წელს მოიცავს. პარალელურად, საკითხის შესწავლა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმაც დაიწყო. უნდა დადგინდეს მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და მომზადდეს შესაბამისი ანგარიში, რის საფუძველზეც შესაძლოა კომპანიას დამატებითი სანქციებიც დაეკისროს.

სამუშაოების ხარისხიანად შესრულება და ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვა - კონტრაქტორმა კომპანიებმა თბილისის მერისგან საჯარო გაფრთხილება უკვე მიიღეს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილის მთავრობის სხდომაზე ვრცლად ისაუბრა.

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს სამართლებრივი და ფინანსური ბერკეტების გამოყენება შეუძლია. მათ შორისაა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და სისხლის სამართლებრივი რეაგირება. რაც შეეხება უშუალოდ მეტროსადგურ ავლაბარს, მომხდარს სადგურის ფუნქციონირებაზე გავლენა არ მოუხდენია და მეტრო ჩვეული გრაფიკით განაგრძობს მუშაობას.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები