"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც "პრაიმტაიმმა" წინასწარ დაწერა, რომ სლოგანი იგორ ბლაჟევიჩმა მოიფიქრა.
ჩეხი ინსტრუქტორის ეს კონკრეტული ინსტრუქცია, მოგვიანებით, აქციაზე, სწორედ გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა. თუმცა, სლოგანი მხოლოდ ერთი დეტალია. "პრაიმტაიმის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული გეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ზედმიწევნით შეასრულეს. სწორედ ამიტომ, დღეს, ერთსა და იმავე საკითხზე დასმულ კითხვას ყველამ სხვადასხვაგვარად უპასუხა.
ოპოზიციას წინასწარ არაფერი უთქვამს. აქციამდე გეგმა მხოლოდ "პრაიმტაიმმა" გაასაჯაროვა, რომელმაც დეტალურად გამოაქვეყნა, თუ რას აპირებდნენ პარტიები უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით. რაც დაიწერა, დადასტურდა კიდეც. მორიგ ჯერზე დადასტურდა, სახელისუფლებო გუნდისთვის ისიც, რომ უცხოელი ტრენერების ჩანაცვლების მიუხედავად, მათი ოპონენტების ყველა მცდელობა უშედეგოა.
სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, კრიზისის პროვოცირება და ემოციური მანიპულირება სოციალური საკითხებით - ბლაჟევიჩის გეგმაში გადანაწილებული იყო სასაუბრო თემებიც და სპიკერებიც. "პრაიმტაიმი" გუშინვე წერდა, რომელ პარტიას, რომელი საკითხის გახმოვანება ევალებოდა.
არ დაიმალა არც ის, რომ უცხოელი ინსტრუქტორის დავალება აქციიდან ოპოზიციის საზაფხულო კამპანიის დაწყების დაანონსებასაც ითვალისწინებდა. სახელისუფლებო გუნდისთვის სიმბოლურია, რომ ძველი და ახალი "ნაციონალები" დამოუკიდებლობის დღესაც გარე მითითებებზე დამოკიდებულ ნაბიჯებს დგამენ, ამის შემდეგ კი უკვირთ, რატომ აღარ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
იგორ ბლაჟევიჩის გეგმის მიხედვით, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, ოპოზიციას მაქსიმალურად უნდა დაემალა ის შიდა დაპირისპირებაც, რომელიც მათ შორის არსებობს. ერთიანობის დემონსტრირებით კი, აქციიდან უნდა შეექმნათ განცდა, რომ მათი ერთობა რეალურია.