მორიგი მადისკრედიტირებელი სტატია, რომელიც ჰათსონის ინსტიტუტის კვლევაზე მომზადდა პრემიერ-მინისტრის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, კიდევ ერთი, ორკესტრირებული კამპანიის ნაწილია. "ვაშინგტონ ფრი ბეიკონის" შემდეგ, პუბლიკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ამჯერად "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა. სარედაქციო სვეტი სრულად ეყრდნობა გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც ყოველგვარიო არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე საქართველო ირანთან საეჭვო ეკონომიკურ კავშირებსა და ექსტრემიზმის წახალისებაშია დადანაშაულებული. ირაკლი კობახიძემ, დღეს, საზოგადოებას გიორგი კანდელაკის პოლიტიკური წარსულიც შეახსენა და თქვა, რომ ის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა იდეური მოკავშირეები წლებია სამშობლოს ინტერესებს ებრძვიან.
ბრძოლა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ფინანსების და პოლიტიკური ბენეფიტების სანაცვლოდ - ასე აფასებს პარლამენტის სპიკერი გიორგი კანდელაკისა და მისი თანამოაზრეების ქმედებას. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული დაუსაბუთებელი ბრალდებები, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას ემსახურება, რომლის უკანაც, ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, მათი ლობისტები დგანან.
ირანთან არალეგალური ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის უაპელაციოდ სჯერათ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სტატიაში და ჰათსონის ინსტიტუტის კვლევაში კონკრეტული არგუმენტების არარსებობის მიუხედავად ბრალდება დამაჯერებელია.
ჰათსონის ინსტიტუტს, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე გარკვეულ ძალებს საქართველოს დაზიანება სწორედ ადგილობრივი პოლიტიკოსების ხელით სურთ. კანონმდებლებმა საზოგადოებას საქართველო ირანის მიზერული ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელიც შეახსენეს და თქვეს, რომ სტატიაში გამოთქმული ყველა ბრალდება სიმულაციური რეალობის შექმნის პირდაპირი მცდელობაა.
მანიპულაციური სტატია ვაშინგტონ პოსტის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. პუბლიკაციაა სრულად ეყრდნობა ჰათსონის ინსტიტუტის კვლევას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი კანდელაკის მოსაზრებებით არის შედგენილი.