მომავალი წლისთვის 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ მშენებარე კომპლექსი დასრულების ეტაპზეა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთავრობის მეთაურმა, ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად დაათვალიერა. დევნილთა კომპლექსის ასაშენებლად სიმბოლური კაფსულა მშენებლობის საძირკველში წელიწად ნახევრის წინ მოთავსდა. 1700 ოჯახი 7 საცხოვრებელ კორპუსში გადანაწილდება, ყველა მათგანს ბინა გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა ოჯახებს კი, შესაბამისი კომისია შეარჩევს. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.
ზუგდიდში პრემიერ მინისტრი სენაკიდან ჩავიდა, სადაც ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრთან ერთად ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა, შეხვდნენ მასწავლებლებსაც. 600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, სამედიცინო კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.
ისტორიული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მთავრობის მეთაური სენაკში ადგილობრივ მწარმოებლებსაც შეხვდა. პრემიერი რძის გადამამუშავებელ საწარმოში მივიდა, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნო. კომპანია "არია" სამეგრელოში წლებია ოპერირებს. საწარმო დღე-ღამეში 3 ტონა რძეს ამუშავებს და პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული, უახლოეს მომავალში, გაფართოებასა და სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში შეხვედრებს 2 დღის განმავლობაში მართავდა. გუშინ მთავრობის მეთაური ფოთში იმყოფებოდა, მანამდე კი ესტუმრა შიდა ქართლსა და გურიას.