ახალი დაპირისპირება ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის განხეთქილების მიზეზი ამჯერად აქცია და სლოგანი გახდა.
ოპოზიციის ნაწილს დღეს უკვე თანაგუნდელებთან უწევს იმის მტკიცება რომ ხალხის შეკრების პარალელურად აქციის ტრანსლაცია მნიშვნელოვანია.
საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს.
"უამრავი მანიპულაცია იყო თავმოყრილი რაოდენობასთან, სლოგანებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით, მისივე სადისტური ხელისუფლების ყოფილი მინისტრებითა და მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულმა აქციამ იგივე კვალი დატოვა, რაც აქამდეც არაერთგზის ჩატარებულმა და ფიასკოთი განცდილმა აქციებმა.
რადიკალიზმს და შულავერის კომიტეტის ქოლგის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვთ, ეს გუშინდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა. მათ ეს ყველაფერი სჭირდებოდათ იმისათვის, რომ უცხოელებისთვის, თავიანთი პატრონებისთვის დაენახებინათ - აი, ჩვენ რამდენი მხარდამჭერი გვყავს.
სინამდვილეში, მათ დაანახეს ზუსტად იგივე, რასაც ანახებდნენ. ეს არის მიზერული, მინიმალური რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ეს პოლიტიკური შეხედულება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას, რადიკალიზმს, ანუ ქვეყნის ნგრევას უჭერენ მხარს. ამ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, უკეთესი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.