როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 26 მაისის აქციისთვის - Primetime-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტრატეგია უცხოელმა კონსულტანტმა, იგორ ბლაჟევიჩმა მოამზადა.
ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა და საერთო სლოგანის ქვეშ ერთიანდება - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ისინი გეგმაზე დიდი ხანია მუშაობენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების კარნახით მოქმედებენ და ეს ქართული საზოგადოებისთვისაც ცნობილია.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ალიანსი ცდილობს ერთმანეთში ყველა დეტალი იყოს შეთანხმებული.
"ოპოზიციის გამოსვლები რომ წინასწარ იქნება დაწერილი, მაგაში რა არის გასაკვირი? აბა თქვენ გგონიათ, რომ იქ რომ მივალთ, იქ გადავწყვეტთ ყველაფერს? ოპოზიციის ალიანსი ცდილობს, რომ ყველა დეტალი შეათანხმოს," - აცხადებს ბარამიძე.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო ღონისძიებები უკვე რამდენიმე თვეა იგეგმება.
"საორგანიზაციო ღონისძიებები უკვე რამდენიმე თვეა იგეგმება, მგონი საზოგადოებისთვის ეს უკვე ცნობილია. ის რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე იქნება ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს - ეს განსაკუთრებულ დაგეგმვას არ საჭიროებს," - აცხადებს ბეჟაშვილი.