როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 26 მაისის აქციისთვის, - Prime Time-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტრატეგია უცხოელმა კონსულტანტმა, იგორ ბლაჟევიჩმა მოამზადა.
ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა და საერთო სლოგანის ქვეშ ერთიანდება, - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".
სტატიის მიხედვით, მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაა. ამავე გეგმით, კონკრეტული სასაუბრო თემები პარტიებს შორის უკვე გადანაწილდა, აქციის ბოლოს კი საზაფხულო კამპანიის დაწყება გამოცხადდება.
თუმცა, გამოცემის ცნობით, კულუარებში აზრთა სხვადასხვაობაა - ბლაჟევიჩი უკმაყოფილოა, რადგან ოპოზიციის ლიდერებმა საპროგრამო სიტყვა ხელოვნურ ინტელექტს დააწერინეს.
თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციას უცხოეთიდან არაერთი დავალება მიუღია, ახლა კი ბლაჟევიჩის გეგმის მიხედვით მოქმედებენ.
"ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა და მენეჯმენტი იყო. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს "კანვასის" ტრენინგები, აკერმანისეული შეკრებები. შეგახსენებთ იმ გეგმას, რომელიც ღიად გამოაგზავნეს - სრული პარალიზება და ეკონომიკური კოლაფსი უნდა მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში. ვნახეთ ამის შედეგები, ამის რომანტიზება, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, დამწვარი პოლიციელები, განადგურებულ ინფრასტრუქტურა. ეს ვნახეთ მერამდენედ? მეხუთედ ამ ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით როდის? 2022 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.