საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სამხედრო ტექნიკის გამოფენაა, რომელიც თბილისსა და კიდევ 20 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ახლოს დაათვალიერონ როგორც უცხოური, ისე ქართული, ეროვნული წარმოების შეიარაღება. საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია: "დელტას" "დიდგორის" სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანები, თანამედროვე საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საავიაციო და საინჟინრო ტექნიკა, ასევე - სპეცდანიშნულების რაზმების შეიარაღება და სამთო აღჭურვილობა.
ტექნიკის დათვალიერებასთან ერთად, სტუმრებს სამხედრო მოსამსახურეები თითოეული აღჭურვილობის დანიშნულებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
"დელტას" პროექტების მართვის უფროსის მოადგილე თეიმურაზ პულუზაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილია დელტას საფლაგმანო პროდუქტი.
"თავისუფლების მოედანზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია "დელტას" საფლაგმანო პროდუქტი ეს არის სხვადასხვა წლებში გამოშვებული და სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა "დიდგორი". ხუთი მოდიფიკაცია არის დღეს აქ წარმოდგენილი. გარდა ამისა, ოფიციალური ღონისძიება დასრულდა და ჩვენი კოლეგები უკვე იწყებენ "დელტას" ექსპოზიციის გაშლას, სადაც რიგითი მოქალაქეები შეძლებენ ყველა იმ სამხედრო აღჭურვილობის ნახვას, რომელსაც "დელტა" სერიულად აწარმოებს.
მოქალაქეებს ეს აძლევს შესაძლებლობას, ნახონ ყველა ის პროდუქტი, რომელზეც დელტა წლების მანძილზე მუშაობდა. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია," - აცხადებს თეიმურაზ პულუზაშვილი.
ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე აცხადებს, რომ დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა და ახალწვეულებმა ფიციც დადეს.
"ჩვენს ქვეყანას გაერთიანებას, გამარჯვებას და სრულ წარმატებას ვუსურვებ. დღევანდელმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. ახალწვეულებმა ფიცი დადეს. გარდა ამისა, ფიცი დადეს, თავისუფლების მოედნის გარდა, 12 რეგიონშიც. ახლა გრძელდება დღე და, თავისუფლების მოედნის გარდა, ასევე 21 ადგილზე იქნება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა,"- აცხადებს გენერალი.