"ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო განსაკუთრებული ემოცია, რომელიც, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს გაგინელდება", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი და მისი გამტკიცებისთვის ყოველდღიური შრომაა საჭირო.
"ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო განსაკუთრებული ემოცია, რომელიც, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს გაგინელდება. ეს შეგრძნება, ნამდვილად განსაკუთრებული იყო, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი აქტი, რომ შენ დამოუკიდებელი ხდები და ამით სრულდება რაღაც ეტაპი, პირიქით ამით იწყება. თითოეული დღე, ჩვენი ქვეყნისთვის არის დამოუკიდებლობის გამტკიცებისა და გაძლიერების დღე, უნდა იყოს და ამას ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. ჩემი წარმოდგენით, სამშობლოს სიყვარული სწორედ ეს არის, რომ შენი ყოველდღიური შრომით, შენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამასთან, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, წელს უწყება დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ახალციხეში მასპინძლობს. როგორც მინისტრი აცხადებს, მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად, ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პროგრამები.
"მთავრობის ადმინისტრაცია რეგიონებში აორგანიზებს ღონისძიებებს. ჩვენ წელს ვართ წარმოდგენილნი ახალციხეში, ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ატრაქცია იქნება. ჩვენი სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ბავშვებისთვის იქნება საინტერესო ატრაქციონები, ამ მიმართულებით, ასევე - შრომის უსაფრთხოებაზე. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი დღე ახალციხელებისთვის ჩაივლის სასიამოვნოდ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.