გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც 200 მილიარდი დოლარის აქტივებსა და ოქროს რეზერვებს მართავს, საქართველოს ეკოსისტემის ნაწილი ხდება. კომპანია "ტეზერი" ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის მთავარი ხიდის ფუნქციას ასრულებს. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დღეს თბილისმა უმასპინძლა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს, ტექნოლოგიური მიმართულებით, გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, აქტივების გაციფრულება კი ქართულ ლარს მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობის ზრდაში დაეხმარება.
ის, რომ "ტეზერი" საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა, ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობის ზრდაზე მიუთითებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპანია სხვადასხვა სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას აპირებს. მთავრობის მეთაური "ტეზერის" გეგმაზეც საუბრობს, რაც ქართული ლარის ციფრული ანალოგის - Gelt-ის გამოშვებას უკავშირდება.
საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე - როგორც მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - საუბრობს მარიამ ქვრივიშვილი. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ასეულობით დაფინანსებულ სტარტაპსა და ახალ თაობაზე, რომელიც მომავალს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ხედავს. კომპანია "ტეზერთან" სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე აკეთებს აქცენტს დედაქალაქის მერიც.
კომპანია "ტეზერის" გეგმებსა და ახალ პროექტებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ნათია თურნავა ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი ახალი საფინანსო ტექნოლოგიების განვითარებაა.
ღონისძიებაზე დღეს კომპანია "ტეზერის" საქმიანობაც განიხილეს, რომელიც 2014 წლიდან მსოფლიო ფინანსურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სამომავლო გეგმები და საქართველოსთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნეს.