დუბლინის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, 35 წლის კონგოელი მამაკაცის, ივ საკილას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დუბლინში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ჰენრი სტრიტზე, "არნოტსის" სავაჭრო ცენტრის წინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ივ საკილა, მაღაზიიდან ქურდობის სავარაუდო ფაქტის გამო დააკავეს. კადრებში ჩანს რომ ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზეა და მას დაცვის მინიმუმ ხუთი თანამშრომელი იჭერს. ერთ-ერთი მათგანი კი მუხლს დაკავებულს კისრის არეში აჭერს.
დუბლინის ცენტრში მომხდარ ძალადობის ფაქტს, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ და პარალელს ავლებენ 2020 წელს მინეაპოლისში მომხდარ ფაქტთან.
როდესაც 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ვიდეო, რომელშიც ამერიკელი სამართალდამცველი დერეკ შოვინი კისრის არეში მუხლით აწვება ჯორჯ ფლოიდს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. ფლოიდის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
დუბლინის პარლამენტის წინ შეკრებილებს შორის იყო, იყო დევიდ კალიბაც, ფიზიკოსი სტუდენტი, რომელიც ივ საკილასთან ერთად სწავლობდა ჩრდილოეთ დუბლინის გარეუბნის სასწავლებელში. მეგობარი იხსენებს, რომ გარდაცვლილი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა, თუმცა დუბლინში იზრდებოდა.
ირლანდიის პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ მათ, 15 მაისს შეიტყვეს, როდესაც განყოფილებაში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძახება შევიდა. ადგილზე მისულებს დაკავებული უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ივ საკილა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.