03 აგვისტო 2026,   20:47
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს - დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ თარიღს აღნიშნავს

"1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს" - წელს 26 მაისი ამ კონცეფციის გარშემო აღინიშნება. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ თარიღს აღნიშნავს.

ამ სიტყვებს, ზუსტად ოთხ დღეში, 600-მდე ახალწვეული იტყვის. დადებს სამშობლოს ერთგულების ფიცს და სამხედრო სამსახურს შეუერთდება.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს. რეპეტიციები თავისუფლების მოედანზე უკვე მესამე დღეა ტარდება. მასშტაბურ ღონისძიებაში ჩართულია თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა. 26 მაისს ტრადიციულად გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. მოეწყობა სპეციალური სივრცეები, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის 20 დიდ ქალაქში.

აქტიური სამზადისი აქვთ სამინისტროებს, რომლებიც სტუმრებს ,სხვადასხვა რეგიონში საკუთარი სივრცით დახვდებიან. თელავი, ქუთაისი, ამბროლაური - ეკონომიკის სამინისტრო შემეცნებით აქტივობებს გეგმავს, რომელიც სატრანსპორტო, ტურისტულ, ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს. მზადებაა გორშიც, სადაც სპეცტექნიკით შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება წარმოდგენილი.

დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს ზუგდიდში. მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს ეროვნული არქივის ინსტალაციები დახვდებათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც სივრცეს მცხეთაში მოაწყობს.

წელს, ისტორიულ ადგილებს , სადაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი უნდა დადონ კიდევ ერთი ადგილი დაემატა. პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად - ილია მეორის მშობლიური სოფელი- სნო ერთ-ერთი ადგილი იქნება, საიდანაც ასობით მოქალაქე ქვეყნის ჯარისკაცი გახდება.

ღონისძიება ტრადიციულად სამხედრო მარშით გაიხსნება. საქართველოს დროშის ფერებს ცაზე გამოსახავს საბრძოლო ავიაცია. დღის კულმინაცია კი ისტორიულ დროს 17 საათსა და 10 წუთზე დაიწყება, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერდება.

დღის ამბები