ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელი სახლი საღამოს 6 საათისთვის დატოვეს. ლევან ახობაძის სახლიდან გამომძიებლებმა კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს. ნივთმტკიცებები დალუქულ მდგომარეობაში გაიტანეს.
გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ახობაძე დააკავეს.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დანაშაულებრივი სქემის გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ ახობაძე დიდი ოდენობით ქრთამს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეუფლა. გამოძიება 2024 წლის აპრილში ჩადენილ დანაშაულს ეხება. ახობაძე ამ პერიოდში გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ირკვევა, რომ 2 წლის წინ, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, კერძო მეწარმეს, არადეკლარირებული თანხა 40 000 000 რუსული რუბლი ჩამოართვეს, რაც ლარში 1 164 000 ლარს შეადგენდა. ახობაძე მეწარმეს შუამავლების საშუალებით დაუკავშირდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარებას 500 ათასი ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დილით დააკავეს. ის ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. დღის ბოლოს დაკავებულს ადვოკატები შეხვდნენ. მათი თქმით, ახობაძე დაკავებას არ ელოდა და ამ საქმეზე არც სხვა დროს ყოფილა გამოკითხული.
მოთხოვნილი ქრთამი,ნახევარი მილიონი მალევე განახევრდა. მას შემდეგ რაც საქმეში სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაერთო. ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით სწორედ ლილუაშვილმა მოსთხოვა მის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით არა 500 000, არამედ 250 000 ლარი აეღო. სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ლილუაშვილთან ამ საქმეზე კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.
ქრთამის სახით მოთხოვნილი ნახევარი მილიონი ლარის განახევრებას ახობაძე დასთანხმდა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მეწარმემ კუთვნილი თანხა დაიბრუნა და ქრთამის ოდენობაც შეიცვალა სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს 250 000 ლარი შუამავლის ხელით გაუგზავნა. ლევან ახობაძეს უკანონოდ მიღებული ფულადი სარგებელი მისსავე კაბინეტში გადასცეს.
სუსი გამოძიებას აგრძელებს. საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების და სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით გრძელდება. ლევან ახობაძეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.