მორიგი განხეთქილება ოპოზიციურ ალიანსში - ამჯერად ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციურ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება უმრავლესობაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიცია რადიკალური აგენტურაა, რომლის შინაარსია, რომ ჯერ სხვა უნდა შეჭამონ და დაჭამონ, შემდეგში ერთმანეთზე გადავიდნენ, ახლა კი სწორედ ერთმანეთის დაჭმის რეჟიმში არიან.
"ეს არის რადიკალური აგენტურა, რომლის შინაარსია, რომ ჯერ სხვა უნდა შეჭამონ და დაჭამონ, შემდეგში ერთმანეთზე გადავიდნენ. ახლა უკვე ის რეჟიმი აქვთ ჩართული, რომ ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასული. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთის საწინააღმდეგო და ერთმანეთის მადისკრედიტირებელ განცხადებებს. არ გაგვიკვირდება, რომ ჩერგოლეიშვილი ყველასთან დაპირისპირებულია, ყველა კი ჩერგოლეიშვილთან და ერთმანეთთან. სააკაშვილის დაგმობა, ამ განდგომილი ადამიანების და რადიკალების მიმართ რადიკალიზმს უწუნებს ეს უკვე სტანდარტული მოცემულობაა. თუმცა, საინტერესოა, როდესაც უკვე "ტვ პირველთან" დაკავშირებით უჩნდებათ უთანხმოება. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული "ტვ პირველი" რომელიღაც რადიკალისთვის უფრო მისაღებია და ხელმისაწვდომია, ხოლო ჩერგოლეიშვილისთვის ნაკლებად. ამიტომ, უკვე საკუთარი შიდა სამზარეულოს გასაჯაროებაზე გადავიდნენ. ფაქტია, რომ შიგნითაც, ტელევიზიები ზუსტად ასეთი პარტიული ნიშნით აქვთ დაყოფილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მხარდამჭერ არხებზე საეთერო დროის გადანაწილებაზე დავობენ და ერთმანეთის მისამართით უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებენ.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ის ოპოზიციურ ტელეკომპანიებში დაბლოკილია, მის ამ განცხადებას კი გიორგი ვაშაძე პირად თავდასხმად მიიჩნევს.