27 ნოემბერი 2026,   10:51
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე დუმილი აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დანიაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალადობრივად, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებით დაშალეს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ ეს შემთხვევა გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.
მისივე შეფასებით საერთაშორისო პარტნიორების დუმილი აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მომიტინგეების ხელკეტებით ცემა მისაღებია.

"უპირველეს ყოვლისა, ეს [კოპენჰაგენის აქიის დარბევაზე დუმილი] აჩენს იმის აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ამაზე რეაგირების ნაცვლად, გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ ძაღლები უნდა მიექსიათ და ხელკეტები უნდა ერტყათ მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე, დასაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს მძიმე მემკვიდრეობა, ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით, დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითა და მოტყუებით სტერილიზებისა. მოახდინეს ქალი მოსახლეობის, მათ შორის, არასრულწლოვნების, 12 წლის გოგონების, მოტყუებითა და იძულებით სტერილიზება. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულნი იყვნენ, ისინი დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან. ბევრის მხრიდან, ეს პრაქტიკა გათანაბრებულია გენოციდთან. როდესაც არის ასეთი შეფასება ამ პრაქტიკის მიმართ, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან და ამას დიდი ხანი ფარავდნენ, დღემდე არ იძიებენ, არ სჯიან დამნაშავეებს, ეს არის აღმაშფოთებელი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ბოლომდე ეს საქმე და ყველა დასაჯოს.

მესამე, მოვისმინეთ რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან - კი, იყო ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანაო. მათი წარმოდგენით, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა, მშვიდობიან ადამიანებზე ძაღლების მიქსევა და ხელკეტებით ცემა. ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში. მთავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება ცემო მშვიდობიანი მომიტინგეები და ძაღლებით გაიწიო მათკენ.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა, ევროკავშირის სახელმწიფოს ვერცერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. მხოლოდ ორი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, ერთი, რომ მათ ეშინიათ გააკრიტიკონ საკუთარი მოკავშირე და მეორე, მათთვისაც ეს მისაღებია. მგონი, მეორე უფრო რეალური ახსნაა, ვინაიდან მსგავსი კადრები ვიხილეთ ბერლინიდან, პარიზიდან და სხვა დედაქალაქებიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები