18 ივნისი 2026,   12:56
ვრცლად
ბრიტანეთი პოზიციას ცვლის - ოფიციალურმა ლონდონმა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნა

ბრიტანეთი პოზიციას ცვლის - ოფიციალურმა ლონდონმა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნა. გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან რუსული ნავთობისგან მიღებული დიზელის და საავიაციო საწვავის იმპორტი ისევ შესაძლებელია. ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, ბრიტანულ პოლიტიკურ სპექტრში, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ბრიტანელების ფინანსური კეთილდღეობის დაცვის მიზნით ხსნიან.

გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების მიღმა პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პოლიტიკის ამორალურ მხარეს ხედავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ინგლისი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს იცავს, თუმცა სხვა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას მარტივად წირავს. პარლამენტის სპიკერი წარსულს და საქართველოში ბრიტანეთის ელჩის შეხვედრებს იხსენებს, როდესაც დიპლომატი მმართველი გუნდისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ოფიციალური ლონდონის ამ დამოკიდებულებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესები მარტივად დაზიანდებოდა, რადგან სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკის განადგურებით დასრულდებოდა.

საქართველოს წინააღმდეგ ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა ქართული ოპოზიციისთვის ორმაგი სტანდარტი არაა. ბრიტანეთისგან მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის დაცვა არ უკვირთ, თუმცა ანალოგიურ პოლიტიკას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უწუნებენ.

სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ორმაგი სტანდარტია საპარლამენტო უმრავლესობისთვის ის მიდგომა, როდესაც სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებები მისაღებია, საქართველოს მხრიდან ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა კი მიუღებელი.

ბრიტანელების ფინანსური კეთილდღეობის დაცვის მიზნით ინგლისმა რუსული წარმოების ნავთობის გარდა დაწესებული შეზღუდვები გათხევადებული ბუნებრივი გაზის საზღვაო გზით ტრანსპორტირებისთვისაც შეამსუბუქა. ბოლო მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის და ნავთობის გაძვირების ფონზე, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმუმს მიაღწია. გაერთიანებულ სამეფომდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაახანგრძლივა ლიცენზია რუსული წარმოშობის ნავთობის და ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებასა და გაყიდვაზე.

ბრიტანეთის და ამერიკის მიერ რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების მოხსნის და შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებამდე ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობის და დიალოგის საჭიროებაზე ევროპელი ლიდერებიც საუბრობდნენ. ერთ-ერთი ემანუელ მაკრონი იყო. დღეს კი "ფაინანშალ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელი იყოს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან მომლაპარაკებელი.

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ფონზე ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ და ნავთობზე ფასების ზრდამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისისთვის რუსეთის ყოველკვირეულმა შემოსავალმა ნავთობის ექსპორტიდან 2,42 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. შექმნილი ვითარების გამო, აშშ-მა სანქციების შერბილებით რუსული ნავთობისთვის გარკვეული ბაზრები გახსნა.

რუსული მხარის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ჯამში 100 მილიონამდე ბარელ ნავთობს შეეხო.

დღის ამბები