კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილი - საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირს ნამდვილი ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო აკრიტიკებს. დანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ევროპელ ლიდერებს გუშინ წერილით მიმართა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის არცერთ მაღალი თანამდებობის პირს დანიის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია.
"მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც აპროტესტებდნენ, ძაღლების დახმარებითაც კი დაარბიეს და არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ გამოსულა ევროკავშირის და არ დაუგმია დანიის ხელისუფლების ეს ქმედება. ის, რაც მათთვის არის მისაღები, რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში არის მათთვის მიუღებელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ ამან განაპირობა პრემიერ-მინისტრის ღია წერილის გამოქვეყნება," - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, დანიის დედაქალაქში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა უმსხვილესი კომპანია "მაერსკის" მიერ ისრაელისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდების შეჩერებაა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროპა თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.