04 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
ერთი ბარათი, 40 ქვეყანა და 25 000-ზე მეტი ფასდაკლება - საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა ამოქმედდა

ერთი ბარათი, 40 ქვეყანა და 25 ათასზე მეტი ფასდაკლება - საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა. სიახლე ახალგაზრდებს, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, მოგზაურობის, განათლებისა და გართობის მიმართულებით სრულიად ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. პროგრამა დღეს საზოგადოებას თბილისის მერმა გააცნო.

ტურიზმი, განათლება, კვება, ტრანსპორტი - კატეგორიების ჩამონათვალი ვრცელია. ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს როგორც ყოველდღიური სერვისებით, ასევე ფინანსური განათლების პროგრამებითა და დაზღვევის შეღავათიანი პირობებით. ფასდაკლება, შეთავაზების მიხედვით, 5-დან 60 პროცენტამდე აღწევს. ბარათი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობაილბანკში. ის მყისიერად აქტიურდება, რისთვისაც მხოლოდ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა და 10 ლარის გადახდაა საჭირო.

საერთაშორისო შესაძლებლობებთან ერთად, პროექტი ადგილობრივ სერვისებსაც მოიცავს. 50-ზე მეტი ქართული პარტნიორი ბარათის მფლობელებს სპეციალურ პირობებს 600-ზე მეტ ობიექტზე სთავაზობს, მათ შორის სპორტის, შოპინგისა და თავის მოვლის მიმართულებით. კერძო კომპანიებთან ერთად, პროგრამაში ჩართულია მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრებიც. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კი სპეციალური ტარიფები 19 სახელმწიფო მუზეუმსა და 6 თეატრში უკვე მოქმედებს.

პროგრამაში გაწევრიანება მარტივია. სტუდენტის სტატუსი სავალდებულო არ არის. საკმარისია, მსურველი 18-დან 30 წლამდე ასაკის იყოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბარათს ფლობდეს. მობაილბანკში რეგისტრაციის შემდეგ ახალი წევრი 9 მილიონზე მეტი ევროპელი ახალგაზრდის ქსელს ავტომატურად უერთდება. რეგისტრაციისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე.

ფასდაკლებებთან ერთად, პროგრამის ფარგლებში ღონისძიებებიც დაიგეგმება. პარტნიორი კომპანიები ქართველ მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობასაც შესთავაზებენ. ახალგაზრდული ბარათი ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით უკვე 40 წელია წარმატებით ხორციელდება.

დღის ამბები