იურიდიული საჩივარი ევროპარლამენტის კვესტორთა კოლეგიაში "რუსთავი 2-დან" დღეს გაიგზავნა. თუმცა, მანამდე იყო არაერთი მცდელობა უსაფუძვლო ბრალდების გაუქმებისა და მედიის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით.
სამაუწყებლო კომპანიას, 22 აპრილს, ევროპარლამენტმა წერილი გამოუგზავნა, თითქოს ჟურნალისტმა მარტის პლენარულ სესიაზე წესები დაარღვია. მაგრამ, რა არის ეს წესი, ამაზე არავინ საუბრობს. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ევროპარლამენტის პრესის სპიკერისა და მედიის დირექტორის ყურადღება პარლამენტარის ჩივილმა მიიქცია. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ მისი ვინაობის გამჟღავნება და მედიასივრცის ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებაც კი, ამ ყველაფერზე პასუხად დუმილი მივიღეთ, რაც ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ ევროპარლამენტის დირექტორატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
ვიდრე დამოუკიდებელი მედია პასუხის მოლოდინშია, მომხდარის შეფასება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ვთხოვეთ. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ყურადღებას იმ ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს, რაც ბოლო პერიოდში ევრობიუროკრატიის მხრიდან ვლინდება.
ევროპარლამენტის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, მედიაზე ზეწოლის მაგალითად მიიჩნევს მთავრობის მეთაური. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბოლო დროს ევრობიუროკრატების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ ავლენს - სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების კუთხით პოლიტიკურ გაერთიანებაში დღეს არსებულ რეალობას.
კონკრეტული არგუმენტების მიუხედავად, სტრასბურგის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტს არგუმენტები აქვს. "ლელოში" კი დარწმუნებულები არიან, რომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება დემოკრატიის პრინციპებს ეფუძნება.
ევროპარლამენტარებისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. დღეს მედიასთან საკითხი პირველმა კანონმდებელმაც შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, "რუსთავი 2-ის" საქმე არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ დევნის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი თავისუფალ სიტყვას.
კვესტორთა პალატაში საჩივრის გაგზავნამდე, "რუსთავი 2-მა" დეტალურად შეისწავლა მარტის პლენარულ სხდომაზე გადამღები ჯგუფის ყველა ჩანაწერი. მასალა ადასტურებს, რომ არცერთი წესი არ დარღვეულა.