საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება - შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქმნება.
განმარტებები გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ახალი სამმართველოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, სამმართველო, იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდება ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რომელიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. შესაბამისად, იმ ქმედებებზე, რომელიც დღეს კანონმდებლობით უკვე დასჯადია, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო მოახდენს უკვე მონიტორინგს, ამის შედეგად გამოვლენილ ქმედებებზე მოხდება სასამართლოსთვის მიმართვა.
თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ სახეზეა სიძულვილის ენის გამოხატვა, პიროვნული თავდასხმები, ადამიანის ღირსების შელახვა და ეს არ ემსახურება ჯანსაღ კრიტიკას, რა თქმა უნდა, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, ასეთ ქმედებებზე, იმ სანქციის ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული - იქნება ეს წვრილმანი ხულიგნობა, თუ სხვა ტიპის ქმედებები, რაც კანონით არის განსაზღვრული, ბუნებრივია, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
ახალი გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.