"აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის. ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის." - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია.
"დღეს, თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში, მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ, აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ, ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. ოჯახზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია და რასაც იწვევს სამშობლოდან შორს ყოფნა." - განაცხადა შიო მესამე.