პოლიტიკური პარტია "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა კახა ძაგანიამ ევროკავშირში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების უკუსვლაზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ქართული მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე.
"დღევანდელი დღე ევროკავშირის ისტორიაში შევა შავ ლაქად, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ დაინახა მედიისა და თავისუფალი სიტყვისგან შეშინებული ევროპელი პოლიტიკოსები. მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ გაურბოდნენ და ემალებოდნენ ტელეკომპანია "იმედის" მიკროფონს 800-მილიონიანი ევროპელების წარმომადგენელი პარლამენტარები. ნამდვილად არ გვიხარია ევროპელი პოლიტიკოსების და ადგილებზე მათი სატელიტების ასეთი დეგრადაცია, მაგრამ რეაქცია დროულად მისაცემია, სანამ მთლიანად არ გაუნადგურებიათ ევროპა და ევროპული იდეალები", - განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა კახა ძაგანიამ.