პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, დღეს პირველი ერთსქესიანთა ქორწინება დარეგისტრირდა, რითაც აღსრულდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას ავალდებულებს. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
ნოემბერში, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ, პოლონეთს დაავალა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დადებული ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია მაშინაც კი, თუ პოლონეთის კანონმდებლობა ამჟამად ამის საშუალებას არ იძლევა.
"დღეს დილით, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩვენ გავეცით ერთსქესიანი წყვილის ქორწინების მოწმობის პირველი ამონაწერი", - განაცხადა ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ.
მერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქალაქი აღიარებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ სხვა პოლონელ ერთსქესიანთა ქორწინებებს, სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშეც კი.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონელ ჩინოვნიკებს მოუწოდა, მათი პირადი მოსაზრებების მიუხედავად, "პატივი სცენ თითოეული ინდივიდის ღირსებას".
"გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს გარშემო, ჩვენს შორის, ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ და ისინი იმსახურებენ პატივისცემის, ღირსებისა და სიყვარულის იმავე გრძნობას, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი".
გამოცემა წერს, რომ ტუსკის მთავრობა ხელისუფლებაში ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის ლეგალიზაციის დაპირებით მოვიდა. თუმცა, მისივე მმართველ კოალიციაში კონსერვატორების წინააღმდეგობამ, ასევე პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინააღმდეგობამ, ეს ძალისხმევა შეაფერხა.