01 აგვისტო 2026,   16:25
ვრცლად
ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო აღიარება - სამართლის უზენაესობის მედეგობის შეფასებით, საქართველო ლიდერებს შორისაა

საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, სამართლის უზენაესობის მედეგობის მიმართულებით მაღალი შეფასება აქვს.

ანალიტიკური პროექტი "რეზილიო ექსესი" ევროკავშირის წევრობის 10 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგრადობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მონტენეგროსთან ერთად "უმაღლესი შესრულების" ჯგუფში მოხვდა. ეს შედეგი 2014 წლიდან დაგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებლებმა განაპირობა, რითაც საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება.

მსგავსი კვლევები და შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე მოწინავე პოზიციას იკავებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პასუხია ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი არასამართლიან დამოკიდებულებაზე. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები, ტრადიციულად, სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევების მსგავსად, არც ამ შედეგებს აღიარებენ.

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ოპონენტებს ურჩევენ, კვლევის შედეგებს გაეცნონ. კვლევით განსაზღვრული ერთგვარი მონიტორის სისტემა სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველ შეფასებას ახდენს. ის ავლენს ინსტიტუციური სტაბილურობის პრინციპებს და სისტემის რეაგირების უნარს სხვადასხვა გამოწვევაზე. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ობიექტური შეფასების მოდელი ყოველთვის წარმოაჩენს საქართველოს სწორი განვითარების კურსს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი განპირობებულია "კარგი საწყისი პოზიციით" 2014-2024 წლების მონაცემებში და სისტემის მოქნილობით, უარყოფითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად.

დღის ამბები