03 აგვისტო 2026,   22:13
ვრცლად
ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მეწარმეთა დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზარდა - თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს 50 000-ლარიანი დაფინანსების მიღება შეეძლებათ

მაგიდები, სკამები, დეკორატიული ნივთები - დურგალთა სკოლამ თბილის მერიის პროგრამა წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად გამოიყენა. გასულ წელს მოპოვებული 20 000-ლარიანი დაფინანსებით მათ თანამედროვე ხის საშრობი დანადგარი შეიძინეს. ტექნოლოგიურმა სიახლემ შეცვალა სასწავლო პროცესიც - სტუდენტები მუხისა და წაბლის მასალის დამუშავებას გაუმჯობესებული სტანდარტით სწავლობენ.

პროგრამა, რომელმაც გასულ წელს ათობით მეწარმეს განვითარების გზა გაუხსნა, წელს უფრო მასშტაბური გახდა. თუ აქამდე ბიზნესის გაფართოებისთვის მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარი იყო, ახლა მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ. პროგრამა ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მცირე ბიზნესის მხარდაჭერასა და ახალი პერსპექტივების შექმნას ემსახურება.

განცხადებებს მერიაში სპეციალური კომისია შეისწავლის. დაფინანსებას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებიც რეალურ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნეს გეგმას წარადგენენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტებს, რომლებიც პროდუქციის გადამუშავებას, ხარისხის ამაღლებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას ითვალისწინებს. ერთ საწარმოს, მაქსიმუმ 50 000 ლარის მიღება შეუძლია. ჯამური ბიუჯეტი კი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.

თბილისი მერიამ განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო. მსურველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ გეგმა და გამოიყენონ რესურსი, რომელიც მათ ბიზნესს განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.

მსურველებიც უკვე გამოჩნდნენ - პროგრამით სარგებლობას კიდევ ერთხელ აპირებენ "კოდალას" წარმომადგენლები. საწარმომ გასულ წელს 20 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, წელს კი გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში ახალ პროექტს წარადგენენ.

განაცხადების მიღება 1 ივნისს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის პროცედურები ხელმისაწვდომია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები